ჩვენი ფილოსოფია მარტივია - მოვამზადოთ ყველასგან გამორჩეული გემოს მქონე „განსაკუთრებული” (specialty) ყავა. ამ მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოგვაქვს გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე ყავის მწვანე, მოუხალავი მარცვლები და თანამედროვე მიდგომებისა და ახალი თაობის ტექნოლოგიების გამოყენებით ადგილობრივად ვხალავთ. სწორედ ასე ვიღებთ მომჟავო-მოტკბო და ხილოვან „განსაკუთრებულ“ ყავას, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს.

ყავის ლაბორატორია ახალი აღმოჩენების ადგილია

ყავა ხილია, რომელსაც უამრავი განსხვავებული გემო შეიძლება ჰქონდეს. სინამდვილეში მას სულაც არ აქვს მომწარო გემო – ყურძნის მარცვლის ფორმის სასიამოვნო, ნეიტრალურად ტკბილი ყავა ხეზე იზრდება და მას შეიძლება, ჰქონდეს კენკრის, ალუბლის, ატმის ან ნებისმიერი სხვა ხილის არომატი.

ტრადიციული ყავისგან განსხვავებული, გამორჩეული გემოს მიღება, მომზადებისა და დაგემოვნების ალტერნატიული კულტურის დანერგვა – სწორედ ამ მიზნების მისაღწევად შემოიკრიბა 2016 წელს თანამოაზრეების გუნდი გიორგი აივაზიანმა და შექმნა „ყავის ლაბორატორია“ – პირველი განსაკუთრებული თვისებების მქონე ყავის კომპანია საქართველოში.

ყავის მომზადება ჩვენთვის დიდი თავგადასავალია. „ყავის ლაბორატორიაში“ სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით იხალება იმპორტირებული მწვანე ყავის მარცვალი და მზადდება ინდივიდუალური გემოთი და არომატით გამორჩეული ყავა, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს.

იმ პერიოდში ეს იყო ყავის მიწოდების სრულიად ახალი ხედვა – საუკეთესო თვისებების მქონე მწვანეყავის მარცვლის შერჩევა, იმპორტი, ადგილობრივი მოხალვა და ბოლოს, სხვადასხვა მეთოდებით მომზადება. ჩვენი გუნდისთვის ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა, თუმცა ვაკეთებდით ყველაფერს ყავის შერჩევის, დამუშავებისა და მომზადების საუკეთესო გამოცდილების მისაღებად.

დაარსებიდან დღემდე ძალისხმევას არ ვიშურებდით, რომ გამორჩეული ყავისა და მომსახურების ნაზავით თქვენი სიყვარული მოგვეპოვებინა. გვჯერა, რომ ჩვენთან, ყავის ლაბორატორიაში, იპოვით და ერთი გასინჯვით შეიყვარებთ გემოს, რომელიც ყველასგან გამოირჩევა.

ჩვენი სურვილია, ყავის დაგემოვნება ვაქციოთ დაუვიწყარ გამოცდილებად ჩვენს ბარში, პარტნიორ რესტორნებში, კაფეებსა თუ თქვენს სახლშიც კი.

ყავის ლაბორატორია დღეს

როდესაც საქმიანი თუ მეგობრული შეხვედრებისთვის კომფორტულ, მშვიდ გარემოზე გკითხავენ რჩევას, ალბათ, თქვენც „ყავის ლაბორატორია“ გაგახსენდებათ. მთავარია, ერთხელ მაინც შემოგვიაროთ ბარში, სადაც განსაკუთრებული ყავისა და გემრიელი დესერტის გარდა, სიმყუდროვეს, თავისუფლებას, კომფორტსა და კეთილგანწყობას დაგახვედრებთ.

რესტორნები, კაფეები თუ სხვა კომპანიები, ვისთანაც ვთანამშრომლობთ, ორიენტირებულნი არიან თავიანთი ხარისხიანი, საუკეთესო პროდუქტის შეთავაზებაზე და სწორედ ამიტომ ირჩევენ ჩვენს ყავას. ჩვენ კი ვირჩევთ მათთან პარტნიორობას, რომ თქვენი საყვარელი გემო რაც შეიძლება ბევრ ადგილას დაგახვედროთ.

ყავის ტექნიკისთვის ინდუსტრიაში 20-ზე მეტ წამყვან მსოფლიო ბრენდთან ექსკლუზიური პარტნიორობა გვაძლევს რწმენას და თავდაჯერებას, ვიყოთ ყავის ყველაზე კომპეტენტური, ინოვაციური და დინამიური კომპანია საქართველოში. ჩვენი ტექნიკა არის წინაპირობა, რომ ყავას ნამდვილი გემო ჰქონდეს.